2- მერის ათი მცნება

ანუ რა ვისწავლე მას შემდეგ, რაც მიმატოვეს

რედაქტორი: brave_and_pro_woman

  • ამ ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც მიმოვიხილავ განშორების დეპრესიას და საკუთარ ფუჩუზე კონტროლის დაბრუნებას, წაიკითხეთ აქ.

მეორე ნაწილი.

ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ გამაძლიერა 12 წლიანი ქორწინების დანგრევამ. ამ პოსტს ვდებ ევროპული დედაქალაქის და საშუალო ფენის სიმაღლიდან. ვიცი. მაგრამ დღეს ვწერ, რადგან სიტყვაა პირველი. აქ მთხრობელი მე ვარ. დღეს მიზანი არა წერა, არამედ გადაწერაა. უნდა მოგიყვეთ, როგორ შევჭამე დარდი იქეთ.   

შესავალი: აქა ამბავი სწენკისა

დავრჩი წრის ნახევარი. მეორე ნახევარმა მიმატოვა. ვიყავი ასე აბარბაცებული და წონასწორობა დაკარგული. ნახევარი და შესავსები. ჩემი საუკეთესო დეითები ამ ამოსავსები სივრცის კანდიდატებად გადაიქცნენ. სუყველას სწენკები[1] ჩავუდგი. სუყველა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

ასტრიდმა რომ დამადო, არ მეყო და ჩემი გამამრთელებელ-გამაჯანსაღებელი მეორე ნახევრის ძიება გავაგრძელე. დილა იყო თუ ბინდი.

ვიპოვე ამაზონი. ის ბრაზილიელია და ერთმანეთს ეგრევე გავუგეთ. ვიცინეთ ერთად, რომ ევროპელებს თავში თითო ქვეყანაზე თითო კლიშე ან ასოციაცია აქვთ. მას ეგრევე ამაზონზე ეკითხებიან. მე ჯორჯიადან ვარ-მეთქი რომ ვამბობ, ატლანტა რიგით მომდევნო კითხვაა ხოლმე. ახლა ის ატლანტას მეძახის. მე ამაზონს. ამაზონი მაღალია და ბრაზიანი. როცა რამე არ მოსწონს, ეს ბრაზიანი ბრაზილიელი სუ ქართველივით იგინება. როგორც თვითონ ამბობს, კარგად რომ გადაფხეკ, ღრმად კეთილიცაა.

თვალის პაჭუნსა და პაჭუნს შორის, მთელი ჩემი ცხოვრება გადმოვულაგე. მერე ვკითხე, შორს რომ ვართ ერთმანეთისგან შენთვის პრობლემა ხომ არაა-მეთქი? ბევრი არ უფიქრია, პირდაპირ მომახალა: პრობლემა გეოგრაფია კი არა, ის ადგილი და ის ეტაპია, სადაც ახლა ხარ ცხოვრებაშიო.

დავინტერესდი, სად ვარ-მეთქი. ვერ ველეოდი სწენკას. ამაზონმაც დამიღეჭა: ახლა შენთვის სიგიჟის, მილიონ გოგოსთან ზასაობის და ჟიმაობის დროა. იმის დროა, რაც აქამდე არ გქონია. შეირგეო. მე შენთვის მარტო თავგადასავალი ვიქნები და ბოლო სერიაში დედა მომეტყვნებაო.

არის მეტეორის წვიმაში რაღაც პოეტური.

მცნება მეექვსე: რა არის ყველაფრის მკურნალი?

მეშველება-მეთქი? – ამაზონს ვეკითხები. კიო. არიქა, სად იღება ეგ აბი, გადავყლაპო, ხვალ გავიღვიძო და ჩიტივით ფრთები გამომესხას-მეთქი. როცა არ ბრაზობს, ხო კაი ხავერდოვანი ხმა აქვს და მაწყნარებს-ხოლმე: მერი, embrace time-ო. პირზე აკოცე დროსო, ანუ. ეგ ბრაზილიაშიც ცოდნიათ. დრო რომ ყველაფრის წამალია.

ირენმა, ჩემმა ფსიქოლოგმაც კარგად ჩამიკაკუნა. საკუთარი თავის ხელახლა აღზრდა ყველაზე ზრდასრული საქციელია. ამას თუ მოახერხებ, მსგავსი რამ აღარ დაგემართებაო. ჩამოუდია თავი ილიას პოზაში და წინადადებასა და წინადადებას შორის, სიჩუმეს განზრახ უყრის კაკალს. არც იცის ვინაა ილია. დიდი პაუზის და თვალი-თვალში დაკვირვების მერე მიხსნის, რომ მშობლები გვზრდიან სიტყვებით, მაშინ როცა თავად ჩვენ სიტყვას ვერ ვფლობთ. ვიჯერებთ და იმად ვიზრდებით, რადაც გვზრდიან. კოკასა შიგან ფაქტიურად. დღეს, მერი, იმ პატარა გოგოს აღზრდა თქვენი საქმეა. _პაუზა_  გამონახეთ დრო და ელაპარაკეთ მას.

#ალმადოვარ.

მოკლედ, მანდ გავაწყვიტე, რომ აბი-დრო, საკუთარი თავის გადაღზრდითვის მიმემართა. დავიწყე წერით თერაპია (არ მეტყობა?). უფრო სწორად, გადაწერით. იმ რეალობის გადაწერით, რომლითაც გავიზარდე.

მერის აღზრდა კი არ გეგონოთ იოლი საქმე. აბა, მერი, შენი ჭირიმე, ადე. წერა გეზარება? იქნებ, ყავა გესიამოვნება? იქნებ გახვიდე სარბენად? მერი, იოგა! მასტურბაციაზე რას იტყვი? ხომ იცი, საჭიროა ტვინისთვის ბედნიერების ჰორმონები. მერი, თავს მოუარე! ქალოო, body is a temple[2] (Dixit ამაზონი)! მერი, დროზე, თორემ დაგავიწყდება სათქმელი და დასაწერი გაგექცევა. ხან დაუყვავე, ხან გაუბრაზდი. მოკლედ, დიდი ჯაფა მადგას.

ზრდასრულები რომ ვართ, ყველამ ვიცით. მაგრამ ემოციური ასაკი ხანდახან ბავშვის დონეზე გვაქვს. მე მერის ემოციებს მშობელივით ვუვლი. სადაც უსაფუძვლოდ არ სჯერა საკუთარი თავის, ფაქტებს ვულაგებ წინ, რომ ვაჩვენო რა ყოჩაღია. როცა ავიწყდება, ვუმეორებ. მაგალითად, რომ გაიზარდა. შენ ძალიან ახალგაზრდა, საკუთარი ადგილის დასაკმვირდებლად დიდ სიყვარულს ამოეკედლე. ახლა, ემილი ნიკოლას არ იყოს[3], გაიზარდე. ჰო, არ გჭირდება არავისზე ხელი ჩაკიდება, რადგან გაიზარდე. არ გჭირდება არავისგან უსაფრთხოების შეგრძნება, რადგან გაიზარდე. არ გჭირდება არავის მოწმენდილი ცრემლები, გაიზარდე.

დრო, რომელიც იდგა და არ მიდიოდა, გამოვიჭირე. აქაც ვიცი, რომ ევროპის დედაქალის მწვერვალიდან გადმოგყურებთ და რომ დედობა მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე მევალება. მეორე ნახევარს კი ვუთმობ კრეატიულ ჯანმრთელობას, რომელსაც წლები ვაქციე ზურგი. კარმა არ პატიობს ამისთანებს. ნიჭი ვალია. დღეს ხარკს თქვენს წინაშე ვიხდი. მარტოობა ფურცელზე გამოვამწყვდიე.

ვწერ. ქალებზე, ქალებისთვის. გწერთ, როგორ ქალი.

მადლობა, სხვათა შორის.

მცნება მეშვიდე: რატომ გვჭირს რაც გვჭირს ქალებს

დავიწყოთ დასაწყისიდან. ჯერ ის გავიხსენოთ, როგორ აღგვზარდეს.

დედაჩემს რომ ვუთხარი, ვცილდებით-მეთქი, მოკვდა ჩემზე დარდით. ჯერ შევიდა მთავარი გმირის როლში: ღმერთო, ეს რა მჭირს, რა მეშველება, რატომ სულ მეეე – ესენი სუ ციტატებია. მერე გადავიდა მთავარი მრჩევლის როლში: აიყვანე თავი ხელში. ზოგი დათმე. შეურჩიე მომენტი. მოულბე გული. გაცოფებულ კაცს უფრო ნუ გააცოფებ. ესეც სულ ციტატებია.

რაღა ეს და რაღა ცხენის და მათრახის ანდაზა. მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, როგორ  არ დაირტყამს კარგი ცხენი მათრახს. რომ მათრახი მწარეა და უჭირავს კაცს და სრულიად პატრიარქატს, ოღონდ დედაჩვენების თამადობით. რომ მე ვარ ცხენი, რომელსაც მათრახის პატრონის პატივისცემა მართებს. რაც გამოხატება იმაში, რომ მე როგორც კარგმა ცხენმა, არ დავირტყა მათრახი.  და რომ დავირტყა მათრახი, იქნება ჩემი ბრალი. რადგან კარგი ცხენი ხო იცი? ერთხმად: არ დაირტყამს მათრახს!!!

განა მათრახის პატრონს სიამოვნებს მათრახით ჩემი გამათრახება? ეს უბრალოდ მისი ვალია. ბუნებრივი წესრიგია. და მათრახი მხოლოდ სიმბოლურია, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ირტყმევინება, თუ ცუდი ცხენი ვიქნები. ამიტომ, როცა ცხენი მათრახდება, არასწორია, თქვა: მოძალადევ, დააგდე მათრახი. სწორია იკითხო: რა დააშავა ცხენმა? კარგი ცხენი ხომ იცი? ერთხმად: არ დაირტყამს, არაა!!!

  • კარგ ცხენს, არ ტოვებენ
  • თუ ტოვებენ, ესე იგი ღირსია.
  • კარგი ცხენი არ ანგრევს ოჯახს
  • კარგ ცხენს ყავს მათრახის პატრონი
  • ცუდი ცხენი მარტოა. გამმათრახებელიც კი არავინ ყავს.

მოგიტყანთ ქართული ხალხური ანდაზები.

მცნება მერვე: მაჯლაჯუნების მოშინაურება

ამაზონის მიხედვით, მაჯლაჯუნებს ვერსად გაექცევი. ამიტომ, მათ უნდა ამოცნობა, სახელის დარქმევა, კარგად გაცნობა და მოთვინიერება.

Fuck me! როგორ ვნატრობდი, „გოთის“ მომდევნო ეპიზოდი ლოდინის გარეშე მენახა. წყნარად,  უმუჯლუგუნოდ მეხვრინა. მელეზბიანკა. და ახლა გავხდი ნახევარწრე? რომელი უფროა, გენაცვალე, კრუასანი? თუ ნამგალა მთვარე? თუ საერთოდაც ნამგალი? რომლითაც უნდა წაგაცალო თავი!

იცნობდეთ ჩემს მთავარ მაჯლაჯუნას _ მარტოობის შიშს,რომლის მოსათვინიერებლადაც მთელი სოფელი პრინცს მჩრიდა. მერი, როგორ ხარ? და მერე ეგრევე, არ ინერვიულო, შენ მარტო არ დარჩები, აუცილებლად შეხვდები ვინმეს.  აი, სიყვარული ნუგეშად. მარტოობისგან თანდასახსნელად ხომ, ოდითგანვე, სწენკის ჩადგმის იმედით ცოცხლობს მიტოვებული ადამიანი.  ჩემი საცოდაობით დამწვარი, კოლეგები თვალზე ცრემლებმომდგარი მამშვიდებდნენ_  და ასე საკუთარ მაჯლაჯუნებს აშოშმინებდნენ.  

აბა. როგორ გვიყვარს, ის ამბავი, კაცი ან ქალი საყვარელი ადამიანის სიკვდილს რომ გადაყვება-ხოლმე. განსაკუთრებით თუ ბუნჩულა ბებია-ბაბუაა. მიდის ფეისბუქის კედელ-კედელ გულის ჩუყჩუყი, ფოტოებით, ამბით. თუ როგორ მიყვა სამ დღეში მეუღლე მეუღლეს რომელთან ერთადაც ქორწინების უღელი ხუთასი წელი ატარა.

რა გვაჩუყჩუყებს? რო ადამინი მოკვდა? და მარტოობას, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს, სიკვდილი არჩია, პირდაპირი გაგებით?

რადგან, აბა, სად ან ვინ არიან მარტოკა გმირები? არსად. არავინ. მარტოობა არის ბუა. მარტოა ბოროტი დედინაცვალი. რომელიც შვილიან კაცს ცოლად გაყვა. ის კაცი დაიკარგა. მიატოვა ცოლი. მიატოვა საკუთარი შვილები. და ბოროტი ვინაა? დედინაცვალი. რომლსაც, სასჯელის სახით, მარტოობაში ამოხდება სული. 

მარტოობის შიშს მერე ვარქმევთ უფრო ნაკლებად დამამცირებელ და ლამაზ სახელს, სიყვარულს. დავეხეტებით ფიალებში დანთებული ცეცხლით მტკვარზე და ვასტალკერებთ ხალხს. ვანამუსებთ:

შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია,

ავადა ვარ, გულში ცეცხლი მინთია,

მიაქიმე, მოდი სანახავადა

ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა…[4]

შანტაჟის დონე! დრამა!

მერის დავუცაცხანო: სანამ შეყვარებული გგონია კაპლი, დაეტიე ტრაკზე. სოფელი-მეთქი! მაშინაც კი, როცა გყავს პარტნიორი, სოფელი და არა ერთი ადამიანი, რომელსაც სთხოვ საუკეთესო პარტნიორობას, საუკეთესო მეგობრობას, საუკეთესო მშობლობას, საუკეთესო კარიერას და ცხოვრებაში ყველაზე მაგარ სექსს, ზუსტად ისეთს სუ თავიდანვე რო გქონდა ოღონდ ცოტა უკეთესს. ახლა აქიმობაც უნდა შეტენო?

#სოფელოჩემოსოფელო

მარტოობა არ ამირჩევია და ამიტომაც გამიჭირდა. როგორც უკვე გითხარით, ვერ შევეჭმევინები დარდს. იქეთ შევჭამ. ამიტომ მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტე დრო ინტროსპექციის და საკუთარი თავის შეცნობისთვის დამეთმო. ამისათვის კი მარტო  დარჩენა ავირჩიე. და რადგან მარტოობა ავირჩიე, ჩემთვის ის თავისუფლების სინონიმი გახდა.

მცნება მეცხრე: თავს არავინ მაგრძნობინებს. თავს ვ გ რ ძ ნ ო ბ

გამოხდა ათობით ტინდერ-დეითი და ფსიქოლოგთან სეანსი. ასტრიდს ვწერდი შიგადაშიგ. ისიც მპასუხობდა, მაგრამ ნელ-თბილად. ერთ დღესაც მოულოდნელად გამოვიდა ორსაათიან კონტაქტზე. მას შემდეგ მისი ტრენინგის გარეშე დეითზე ფეხს აღარ ვადგამ.  

რამდენჯერ ვახსენე ამაზონი? როგორ ფიქრობთ, მიმატოვა? მაგაზე ბრაზიანი მეგობარი არ მყავს 😊 ენაცვალოს ატლანტა. 

რაღაც ეტაპზე მივხვდი, უფრო მეტია ხალხი, ვინც არ მიმატოვა. და საერთოდაც, ყველას ვუყვარვარ. ძალიან.

შეგრძნება, რომ მიმატოვეს არის ილუზია. ვინც ასე გრძნობთ თავს, ეძებეთ. ეძებეთ, როდის გაგიჩნდათ ეს განცდა პირველად. ვინძლო, ტყუილად აწვალებთ შეყვარებულს, მეგობარს და ახლობლებს და არასწორ ადამიანზე იყრით ჯავრს.

ეეეჰ, ეს დედ-მამას დანატრებული ბავშვები. ეეეჰ, როგორ შეგვატოვეს მთელი თაობა ბებია-ბაბუას. ეეეჰ, როგორ წაგგვლიჯეს მერე იგივე ბებია-ბაბუას. ეეეჰ, როგორი ტკვილით გვეტკინა პატარა გულები. ეეეჰ, როგორ ვიტირეთ, ნუ მიგვატოვებთო. ეეჰ, როგორ მაინც მიგვატოვეს. ეეეჰ, როგორ ამოვასხით მერე ძმრად პარტნიორებს ცხვირიდან: ნუ მიმატოვეეეეეეებ, შემიყვარეო.

აქვე ვახსნოთ მარტობის შიშის დაქალი, შიშირავის-ვუყვარვარ.  გამოტყდი, რამდენჯერ დაეჭვებულხართ სხვების სიყვარულში? არა აქვს მნიშვნელობა, ეს მეგობარია, შეყვარებული თუ მეუღლე. ჯერ ერთი, დაბრუნდი და პირველი გაკვეთილი წაიკითხე. სადაც იწყება სხვა, შენ არაფერი არ იცი, ჯონ სნოუ[5]. საიდან იცი, რომ არ უყვარხარ? და მეორეც, დაუჯერებელი რაა, რომ საყვარელი ხარ? და აქ ვინ ეჭვობს? ის? თუ შენ?

დასკვნა: ნუ ეჩხუბები არასწორ ადამიანს. შე კაი ადამიანო, თუ შენ ვერ რჩები მარტო საკუთარ თავთან, აუტანელი ყოფილხარ და სხვა როგორ აგიტანს?  

ახლა, როცა მანუგეშებენ_ შეხე, რა ლამაზი ხარ, მარტო ვინ დაგტოვებს, აუცილებლად შეხვდები ვინმესო, ვპასუხობ: ერთადერთი ვისაც ახლა მინდა შევხვდე არის მე.

მე.

დიახაც.

მცნება მეათე: გიყვარდეს თავი შენი, მოყვასმა მიხედოს თავის თავს

კი. მიხედოს ყველამ საკუთარ თავს.

ინტროსპექცია: მე მარტო არასოდეს მიცხოვრია. დედ-მამის სახლიდან გასათხოვებლად წავედი. ერთი ოჯახიდან ფაქტიურად მეორეში გადავსახლდი. დღეს, ჩემს ირგვლივ, ვხედავ, როგორ აბამენ ერთ ქორწინებას მეორე სერიოზულ ურთიერთობას. მათ შორის ჩემი ექსიც. არადა, მარტოობაში კარგად სწავლობ ვინა ხარ შენ. მითუმეტეს, თუ ურთიერთობა დაგენგრა. სანამ კარგად არ გაივლი მკურნალობის პროცესს, სანამ არ იპოვი პასუხს კითხვაზე, რატომ დამემართა, რაც დამემართა, მანამ იქნები მოწყვლადი. მანამ იქნები ძიებაში არა პარტნიორის, არამედ ნებისმიერის.

ნებისმიერს აუცილებლად იპოვი. ნებისმიერის პოვნა ნიშნავს, რომ წახვალ ყველაფერზე. დათმობ დაუთმობელს. აკადრებინებ უკადრებელს. ამას დაარქმევ სახელად შენი ცხოვრების სიყვარულს რომლის წინაშეც, აბა, რა მოსატანია ღირსება.

იქნებ ეს ასეც არის. ვინ იცის. მართლა იესო ხომ არა ვარ. ისიც შესაძლებელია რომ ისევ იქნები ოღონდაც-შემიყვარეზე და ოღონდაც-მარტო-არ-დავრჩეზე გამოკიდებული. ივლი წრეზე და ისევ და ისევ, აღმოჩნდები ერთი და იმავე გაჩერებაზე, სადაც “მიაქიმეს” ძახილში დაღვრი ცრემლებს.

სამკურნალოდ არსებობს ნამდვილი ექიმი. შენი დაავადება სამყაროსავეთ ძველია და ის განკურნებას ექვემდებარება. ყველაზე ხშირად ავად საკუთარი თავის უსიყვარულობით ვართ. იმას ვთხოვთ სხვას, რაც არ გაგვაჩნია თავად. არადა, რა დააშავეს სხვებმა, თუ, სავარაუდოდ ერთ-ერთმა მთავარმა მზრუნველმა ბავშვობაში არ მოგვცა, ის ერთადერთი რაც ევალებოდა: სიყვარული. იმასაც რა მოეცა, თუ თვითონაც გიჟივით გაურბოდა მარტოობის შიშს და გადაყლაპა უებარი წამალი, მამაჩვენი?

მაშინ იყავი პატარა და ეს არ იცოდი. დღეს, გაიზარდე. ელაპარაკე საკუთარ თავს. გადაწერე რეალობა ზრდასრული სიტყვებით: დედიკოს და მამიკოს უყვარდი. ოღონდ, უყვარდი ისე, როგორც იცოდნენ.

ნუ დაივიწყებ, რომ შენ 21 საუკუნის მწვერვალიდან იყურები და მათ ნუ დაავალებ ჯომოლუნგმაზე შენი სწენკის ჩასობას.   

რაც მთავარია, შეიყვარე საკუთარი თავი. გახადე საკუთარი თავი შენივე მოსაწონი. გინდ კრემებით, გინდ ახალი კაბით და განსაკუთრებით, მასტურბაციით.

დასკვნა:

ხშირად, ჩვენ სხვისი სიყვარული გავხადეთ იმის საბუთად, რომ სიყვარულის ღირსნი ვართ.

  • სხვას თუ ვუყვარვარ, ესე იგი ვარსებობ.
  • სხვას თუ ვუყვარვარ, ესე იგი კარგი ვარ.

და კარგი ცხენი ხომ იცით?

იმ ცხენის მათრახის პატრონი ვნახე ზეთში შემწვარი ცოცხლად[6].

ვერ ვაგინებ, რედაქტორი მაცენზურებს, არაფემინისტურიაო. ასე რომ, გადავწეროთ.

ცხენია და გუნება. ჯერ თანხმობა ჰკითხე, ვინძლო მათრახს ძალიან კარგადაც დაირტყამსო. ვინძლო იქეთაც ირტყმევინებაო. ცხენს პატრონი, კიდევ, არ სჭირდებაო. თვითმარქვია პატრონი კარგის და ცუდის მოსამართლედ ვინ დასვაო. შენი მეილ გეიზი დაგორგლე და კარქის ტრაქში გაიკითეო. იქნება ქეც გესიამოვნოს. Live a little.

შენ, კი, ცხენო, გიყვარდეს თავი შენი. აგერ, გიძღვნი, კლარა ლუჩიანის სიმღერას დობაზე. მისი არ იყოს, მერის შენი სჯერა. და არავინ თუ არ შემოგრჩა, მე სულ შენს გვერდით ვიქნები.

მპუა.

#mylifemynarrative

დააკომენტარეთ:

რა გამოცდილება გაქვთ თქვენ? რატომ არ წახვედით? ან რატომ წახვედით? რა ისწავლეთ განშორებით?

Insta here
Facebook page here


[1] აქ: სერიოზული ურთიერთობისკენ ლტოლვა მარტოობის შიშით, რომელსაც რომანტიკულ სიყვარულს ვაწებებთ იარლიყად და რომელსაც აუცილებლად ოჯახამდე მივყავართ.

[2] სხეული წმინდაა

[3] მისი Grown Up ყველა გაზრდილ გოგოს უნდა ჰქონდეს პლეილისტში.

[4] ჯანსუღ კახიძის ხმით. მუხამბაზი. პ. გრუზინსკის ავადმყოფი ტექსტი. ვღინებ გულში.  

[5] You know nothing, Jon Snow. – ცნობილი ფრაზა „გოთი“-დან

[6] აქ ჩასვი ყველაზე მაგრად რომ გფხანს გულს, ისეთი გინება.

Publié par მერიემ დიასამიძე / / Meriem Diasamidze

ვგიჟდები ტლიკინზე, ჭორაობაზე და ენის წაგრძელებაზე

2 commentaires sur « 2- მერის ათი მცნება »

  1. მერი. აი, რა გითხრა. არ ვიცი, რა გითხრა. მარტო ვერ ვარ ჯერ. ისე ემთხვევა ყველაფერი, ქორწინების წლების კი. ზუსტად ემთხვევა, მე არ გავზრდილავრ ჯერ. ყველაფერი გავიარე, რასაც წერ. ვიყავი ნებისმიერთან და გული მეტკინა. ვისწავლე, რომ არ ღირს. ახლა კი…ცნობიერად, თავშიხელაყანილად არ ვდგამ სწენკებს. მინდა. არ ვდგამ. მაგრამ, ვერც მარტო ვრჩები. ისეთი განცდ ამაქვს, რომ ჰეროინიდან მეტადონზე ჩამოვედი და მერე პლანზე. ამაშიც ვულოცავ თავს. პლანი ჰეროინი არაა.

    J’aime

    1. ❤ ლიკა, გაიხარე კომენტარისთვის. თავში ხელის აყვანაა რასაც საკუთარი თავის აღრზდა დავარქვი მეც. ანუ, მეთოდი იგივეა და კარგადაც დაგისწავლია ❤ სიტყვა კიდევ, პირველია 🙂

      დამოკიდებულებაზე შედარება კი ძალიან რელევანტრურია. სიყვარული ისედაც ედიქშენია. არა?

      J’aime

Laisser un commentaire

Concevoir un site comme celui-ci avec WordPress.com
Commencer