Sex Ed დაჭყლეტილი ქლიავებით

სერიიდან: თანხმობის ნიშანი რაა და თანხმობა, თანხმობააა!

რედაქტორი: brave_and_pro_woman

source: http://www.agentsofguard.com/sleeping-beauty-is-super-feminist/

Foreplay

როცა ბიძაჩემმა ნერვული სიცილით თხელი მაისურის მიღმა, მარცხენა ძუძუს ღილაკზე ჩამაჭირა საჩვენებელი თითი, ოჰოჰოოოოო გოგო მოგვესწროო, დავამუღამე, რომ ძუძუები ამომეკოკრა. თავმოყვარეობაც მეტკინა  და დვრილის ქვეშ პატარა მკვრივი ბურთულაც. ჩემი ქალობაში შესვლის სეზონი იმის გაცნობიერებით გაიხსნა, რომ ქალებს ჩვენი ძუძუს თავები ჩვენადვე საერთოდ არ გვეყუდნეს. ძუძუსთავებს მიყვა წყება-წყება ამოუცნობი მოვლენები. 

თავზარდაცემული ვაკვირდებოდი, როგორ მეცვლებოდა სხეული. არავინ მაწყნარებდა. ამოდიოდა ღინღლი ფუჩუზე. არ ჰგავდა მეზობელი ლელას დალაგებულ და დავარცხნილ ფანჩარს. არავინ მიხსნიდა, რატომ ჰქონდა ჩემსას ეს უცნაური ჟღალი ფერი და რატომ იყო ასეთი ხუჭუჭა. ფუჩუ დამალული მაინც იყო. ბეწვები ამობიბინდა ყველგან. არ მესმოდა, რატომ ვყარდი ასე და რატომ მეწვოდა დედაჩემისთვის მოპარული საპარსით მშრალად გაპარსული იღლიები.

არც ჩემი თვიური ჰგავდა მეზობელი ნათია მარლის საფენზე ჩემი ორი თვალით დანახულ სისხლს. რომ მოუვიდა, ეზოს გოგოების კრება მოიწვია და ჩაიხადა. ორი წვეთი სისხლი იყო ჩვეულებრივი. მე რაც მომივიდა, ის სისხლს იმდენად არ ჰგავდა, რომ ჩემს დას არც კი სჯეროდა. ქლიავები დაჭყლიტე, ტრუსიკში ჩაიფინე და მატყუებო. დურაკი. ჯერ რო დავკრიფე, მერე დავჭყილტე და თანაც ქლიავები. ნუ, ტრუსიკში რო ჩავიფინე ხო საერთოდ. მე ვუმტკიცებდი, დედა მომიკვდეს არა-მეთქი, I woke up like this[1]-მეთქი.

საერთოდ არაფერი არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა, რადგან ყველაფერზე ვიცოდი მითები. ჩემი დის და ეზოს ბაღან-ბუღანების გარდა ვერავის დაველაპარაკებოდი ან ფუჩუზე ან სექსზე. Let me introduce you to[2] ჩვენ, 90-იანი წლების მოზარდები და მათი სექს-ედი[3].

უხსენებლები ევრივეა

რა ვიცოდი სექსზე და სექსუალობაზე მე, ინტერნეტ-რევოლუციამდელმა პროვინციელმა გოგომ?

თავიდან იყო გენიტალიების სახელები. ძირითადად მამაკაცის. კიდევ, მუტელი, (ფრჩხილებში: უზენაესი შეურაცხყოფა). ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება ჰქონდათ მამაჩემს და ბაბუაჩემს. დედა და ბებია თავებს აქნევდნენ და კაცების მიერ წარმოებულ გინებებს ცუდ სიტყვებად აკვალიფიცირებდნენ. არასოდეს არ იმეორებდნენ. მაშასადამე, ტყნაური, ყლე და მუტელი გოგოსთვის იყო უხსენებელი.

ქალი და მისი პირი მისი სპეტაკი უყვარს მამულსა. ხოლო, ყველა პირსა და ყველა ბრუნვაში სექსის ტრიალი ეგების კაცსა.

ქალებს დაცულ ტერიტორიებად ერტყათ მესამე პირის ნაცვალსახელები. იმ-ად მოიხსენიებდნენ  სექსს და – ის-ად – გენიტალიებს.

ცხადია, ის ფაქტი, რომ იმაზე არაფერს მეუბნებოდნენ უფროსები, ვერ აოკებდა ჩემს მზარდ ცნობისმოყვარეობას და ჰორმონებს. მე და ჩემი და მაგარი გადარჩენილები ვართ. კიდევ კარგი, ფანჩარზე და თვიურზე სამეზობლოში გავიგეთ. წარმოიდგინეთ შოკი, ერთ დღესაც ჰაი-ჰარალოდ ჩამეხადა და ტრუსიკიდან, კინდერ-სიურპრიზიიიიი, დაჭყლეტილ ქლიავებს ამოეხედათ. ჰელოუ, მერი. ჰაუ დუ იუ დუ?[5]

ჭეშმარიტი სექსი

სექსზეც ეზო-ეზო გავიგეთ. იმის შესახებ ინფორმაციას პირველადი მოწმეების, ანუ გათხოვილი დაქალების ან ჩერეზ დაქალების ირიბი და ჯვარედინი დაკითხვით ვიღებდით. ეს შეიძლება ჩაითვალოს რიალითი ტვ-ის ერთგვარ  წინამორბედად. რა, ნაკლები იყო პირდაპირ, ჩვენს თვალწინ, დღისით-მზისით, 15-16 წლის დაქალების მოტაცებების წიოკი? მერე იმის კლიფჰენგერები[6], გოგო თავისით დარჩა თუ ძალით დატოვეს?

მოტაცება რას ნიშნავდა? გათხოვებას. გათხოვება რას ნიშნავდა? სექსს. ხან ნებით, ხან ძალით.  ამ გოგოებთან სულ რაღაც ერთი წლის წინ დიდობანას ვთამაშობდით, როგორც გენერალურ რეპეტიციას. ვითომ ვქორწინდებოდით. როლები კარგად ვიცოდით. ვითომ პირველად ვაკოცებდით. ვითომ პირველი ღამე გვქონდა. დაუკრეფავებშიც გადავდიოდით. ვითომ-ვითომ. რა თქმა უნდა, კარგად ათვისებული გაკვეთილებით, ამაზე მერე არასოდეს არ ვლაპარაკობდით.

დიდებივით.

პირველი ღამის მერე გოგოები ოდნავ უფრო გაზრდილები გვიბრუნდებოდნენ. ჩვენც, მათი გავლით, ოდნავ ვდიდდებოდით. ვიწყებდით კოფეზე ერთმანეთთან გადასვლას. ვიქცეოდით ისე, როგორც ჩვენს თვალწინ იქცეოდნენ ჩვენი დედები.

ჩვენ გვინდოდა დედებად გადაქცევა. ეს იყო მიზანი. ზოგიერთი ჩვენგანის იმის მიზანიც.

სექსუალური ცხოვრების დეტალები პირიდან პირში გადადიოდა. ტყუილს და მართალს თურქულ ყავას ვაყოლებდით, პოპკორნის კულტურა ჩვენთვის აბა ხურმა იყო.

გათხოვილი დაქალები, ლექსიკონზე დაწესებული ლიმიტების ზედმიწევნით დაცვით, გვიამბობდნენ ჭეშმარიტ სექსზე. აი, ნუცას იმის მერე ყოველთვის სტკივა თურმე ის. განსაკუთრებით მენსტრუაციის მერე. თამრიკოს საერთოდ არ ნაყვარება ის. ნეტა თავს დამანებებდესო. ვაიმეეეე. პანიკა. ამ მოტაცებული გოგოების ქმრების ნაწილი კეთილი იყო და ადროვებდა ხოლმე საცოდავს რამდენიმე დღეს. მოსახდენს გოგოები მაინც ვერ ასცდებოდნენ. მოკლედ, ვისწავლე, რომ, თუ ძალიან მიჩუჩუნებდა, უნდა გავთხოვილიყავი.   

არ კმაროდა, იმას რომ იმას ეძახოდნენ: იმის ხსენებაზეც კი, ჩვენი დაქალები ჩვენი დედებივით ჩურჩულებდნენ.  ვისწავლე, რომ რაც ლოგინში ხდებოდა, ლოგინს არ უნდა გასცდენოდა. იმაზე ლაპარაკი ქარაგმების იდუმალებაში იყო ნებადართული და ისიც ძალიან ხმადაბლა.

ყველა გზა მაინც უხსენებლებთან მიდის. ჩუ. შუტ.

ეს ძირითადად ქალებისგან დასწავლულები.

რა, სად და როდის შეგვიყონ

ეზოში იყვნენ ბიჭებიც.

მათგან ვისწავლე, რომ კაცებს განზე სიარულს ისე მოაშლევინებ, როგორც ძაღლს საკუთარი მძღნერის ჭამას. რა სწორი მეტაფორაა, რომ დაფიქრდები. ჯვამენ და ჭამენ. და ხანდახან მეჩვენება, რომ 21-ე საუკუნის სიმააღლეებიდანაც კი, ასეთ ბეიზიქ ფოინთებში[7], ისევ ნება-ნება მიირთმევენ კოვზით.

გადავუხვიე. სორი. იქ ვიყავი, სადაც ბიჭებისგან გავიგეთ, რომ კაცის ალესილ ხმალს ხანდახან აუცილებლად სჭირდება მიუჩვეველი ქარქაში. აქ შემოერეოდა ლობიოს და საცივის მეტაფორა. აი, რო ჭამს კაცი ყოველდღე ერთიდაიგივე ლობიოს და მერე მოუნდება საცივი. განა ლობიო ცუდია? მაგრამ, საცივიც რომ გინდა ადამიანს ხანდახან. ადამიანს, რა, კაცს. თორემ,

ქალები ხო ვგიჟდებით ერთდაიგივე იაფფასიან ძეხვზე დილა-საღამოს, ძილსა და ღვიძილში. უბრალოდ, ჩვენ აზრს არ გვეკითხებიან. ჩვენ ერთი ძეხვი გვერგება სიცოცხლის ბოლომდე.

კიდევ გადავუხვევ და ამ ნახატით ვიძიებ შურს.

source: იაპონელი ხელოვანის, შუსაკუ ტაკაოკას ნამუშევრებიდან. from https://designyoutrust.com/

ახლა გავაგრძელოთ.

ქალები, ვისთანაც კაცები დადიოდნენ განზე, აუცილებლად ბოზები იყვნენ. კარგი ქალი კი არ უნდა იყოს ბოზი. არადა, ეს საცივი კაცებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშველოვანი ჩანდა.

მე მივართმევ ამ საცივს-მეთქი, კაცო, გადავირიეეეე.  ლობიოსთან გაიგივების ამბავმა თავმოყვარეობა ძალიან შემილახა.

აქ გაიჩითა სხვა წინაღობა. ხო იციო, რაღაცეებს ვერიმასიზავ ცოლთანო. მაგალითად? მაგალითად, აი, ჩვენი ვანილის ნაყინზე მოლოკვას ვერ მოვთხოვთო. No less[8]. რა წარმოდგენა აქვს ზოგიერთ კაცს თავის კალბასზე. აღმოჩნდა, რომ, როგორც უხამსი სიტყვები, ვანილის ნაყინმოსხმული ძეხვიც შეურაცხყოფდა ცოლის სპეტაკ პირს. ან კიდევ ძუძუს. ის ძუძუ ხო უნდა მოეწოვა მერე იმის ვაჟს. მისი დიადი გვარის გამგრძელებელს, რომელთა მოსაშენებლადაც მოგონილია მისი უწმინდესობა ცოლი.

ყველაფერზე წამსვლელი გავიჩითე. მე მენდომება ვანილის ნაყინი-მეთქი. იმათმა მაჯახეს, ეგრე რო ქნა, ის გკითხავს სად ისწავლეო და უეჭველი იმნაირობას დაგწამებსო. იმნაირად კვალიფიცირდებოდა ბოზი. ხოლო, 90-იანი წლების სექს ედის სახელმძღვანელოს მიხედვით, ოჯახის ქალი იმნაირია, სექსი ძაან ზედმეტად თუ ნაყვარება. მაქსიმუმ სოსისი და ისიც არავითარ შემთხვაში პირში, არც ძუძუზე.

საინტერესო იყო, რომ სიტუაციის გადმოყირავება სრულიად შეუძლებლად მიაჩნდათ მეზობლის ბიჭებს. ლეღვის ჭამა? ბოზის ლეღვის ჭამა თან? ამდენ ძეხვ-გამოვლილი ლეღვის? შიგ ხო არა გაქ? ლეღვს ჭამენ გოგოების მაჩალკები. პიზდასოსები. ქალის პირი თუ სპეტაკია, ლეღვი სძაგს კაცის პირსა.  რადგან ლეღვი აკნინებს კაცს.

ლეღვადაც, ცხადია, ქალის ის მე გადავაქციე. ასეთ კარგს სახელს ვინ დაუძახებდა ფუჩუს. იმას და ჩმორ კაცებს კალბასიანი კაცები ეძახოდნენ შეურაცხმყოფელ მუტელს.

მოკლედ, ბიჭებისგან გავიგე ბევრად მეტი, ვიდრე ქალებისგან. უფრო ზუსტად კი:

  • მე ვარ ლობიო, მაგრამ კაცს ხანდახან სჭირდება საცივი.
  • ბოზები ფლობენ საცივის კეთების და ვანილის ნაყინის ლოკვის ხელოვნებას.
  • ლეღვი არის ხიხია, so are [9]კალბასიც და ვანილის ნაყინიც.
  • კაცის პირი არ უნდა წაიბილწოს უხამსი ლეღვით.

რაც მთავარია, კაცები წყვეტენ რა, სად და როდის შეგვიყონ.

სკოლაში მინეტის გაკვეთლები, ძმაო?

მამაჩემი გაიშიფრა, როცა სკოლებში სექსუალური განათლების შეტანაზე გაიხსნა დებატები.  მომინდომეს სკოლაში გაკვეთილზე ახლა რომელ პოზაში იმასქნან, იმის სწავლება. – ამ იმასქნანზე პირს მოუქცევდა ხოლმე, აქაოდა, უხერხულია, მთლად სექსზე ასე ღიად გოგოებთან ლაპარაკიო. წარმოიდგინეთ, ჩვენ, ინტერნეტ-რევოლუციამდელი პროვიციელი სასტავი. და მერე ჩვენი მშობლები და მაგათი ფანტაზიები. (რა ვუყო და გამეხსნაააა) იიიიიიი სექსების გაკვეთილებიიიიიიიი. იიიიიი, რაკამ-რაკამ, მასწალებელოოოო – პირში ვინ იღებს – მას, მას, რა ეფექტი აქვს ხახუნის ძალას? განდონის გაკვეთილია და  ვის ყლეზე ვვარჯიშობთ დღეს? 

ეს თემიდან გადახვევები შემიწირავს. მოკლედ, მამაჩემის თავში, სექს ედის გაკვეთლებზე გვასწავლიდნენ პოზებს და ქალს მაგას შეასწავლის ქმარიო.

90-იანების თინეიჯერებს ის გვაერთიანებდა დღევენდელებთან, რომ ჩვენც იგივე ჰორმონების ფესტივალი გვქონდა: აის, სექსებზე რო გვაფიქრებს დილაა თუ ბინდია და კიდევ აის, მშობლების თაობას რომ აჯმეინებს. მე გაჯმეინების მეთოდად რებელობა[10], ხოლო რებელობის პიკად ბოზობა ავირჩიე. ოღონდ, ჩემი მომავალი ქმრის ვანილის ნაყინიანი კალბასის ფარგლებში.

დავიწყე პატარა დონიდან.

მთლად ისეც კი არ იყო, „პროსტა მარიაში“[11] გავიგეთ, რომ ამქვეყნად ზასაობა არსებობს. ესეც იყო ხიხია, დედების მიხედვით. არ შეეძლოთ რა მათი მზერის წაბილწვა ენების ასე ცხადად ერთიმეორის პირში ტრიალით. მე მტკიცედ გადავწყვიტე,  რომ აუცილებლად ვიზასავებდი.

და მაშასადამე, დედაჩემზე უფრო მაგარი ქალი დავდგებოდი.

სექსთან თუ რამე იყო კავშირში, იგი სძაგდა დედაჩემს. ამაზე მამაჩემი ღიად ბრაზობდა რაღაც პერიოდულობით. ასევე პერიოდულად, დედაჩემის გასაგონად გვიხსნიდა, რომ სექსში ცუდი არაფერი იყო – აქ ხანდახან ხმასაც კი აუწევდა და დედაჩემს გადახედავდა ხოლმე, ბრაზით. და ჩვენს 90-იან რებელურ თვალში მაგარ ქულ ტიპად გამოყავდა თავი. ამგვარად, დედაჩემთან რომელიღაცა ანგარიშს ვითომ ფარულად ასწორებდა.

არადა, რა ფარულად, ოჯახში ყველანი ვხდებოდით, რომ დედაჩემი მამაჩემს არ აძლევდა. არადა, მამაჩემი კაი ტიპი იყო, რადგან მეზობლის სხვა კაცებისგან განსხვავებით, არ დადიოდა ქალებში. ჩემს ყურამდე არასოდეს მოსულა, რაც მთავარიაოოო. დედაჩემის მიხედვით. მე გამოსული გოგო მინდოდა ვყოფილიყავი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დედაჩემი მაგარი გოიმია, რადგან სექსი არ უყვარს.

და რახან მე ვიქნებოდი დედაჩემზე უკეთესი ქალი, მაშასადამე, ვიქნებოდი ბოზი.

ასე და ამგვარად, მამაჩემმა დამასწავლა, რომ თუ ცოლი არ მისცემს კაცს, ის უმალ მისი უბედურების მიზეზი შეიქნება. როგორც ყველა გოგოსთვის, ბიძია ფროიდის მიხედვით, ჩემთვისაც, მამაჩემი ჩემი პირველი სიყვარული იყო. მამაჩემი არ იყო ბედნიერი და ამის მიზეზი იყო დედა. მამაჩემმა დამასწავლა, რომ ქალის როლი კაცის გაბედნიერებაა. და რომ კაცის გაბედნიერების გზა, კუჭზეც ხომ, და კიდევ კაცის ყლეზე გადის.

ქალის ვაგინაზე არა. ქალის ფუჩურზე არა. ქალის კლიტორზე არა.

მამაჩემი ღადაობდა, სიმონ, პოზების გაკვეთლები სკოლაში? არადა, მისმა ლოგიკამ აშკარად არ გაამართლა: ვერ მოარჯულა დედაჩემი, რომელიც, აშკარად უარზე იდგა.

#საღოლდე #consent

source: იაპონელი ხელოვანის, შუსაკუ ტაკაოკას ნამუშევრებიდან. from https://designyoutrust.com/

ჯანყი აჭარაში. კერძოდ, ჩემს ლოგინში

მე გადავწყვიტე, რომ ვიქნებოდი სხვანაირი. ავჯანყდი ქალი. ამისათვის, დედაჩემისგან განსხვავებით, კი არ გავიპარე, მომავალ ქმრებს ხელი ვათხოვნინე მშობლებისთვის. ორივეს. განა ეს მეყო? ასევე დედაჩემისგან განსხვავებით, გავთხოვდი არა 17-ის, არამედ 18-ის.  მოვითმინე. ასევე რებელურად, მიზნად დავისახე მენახა კაცი, ვისთვისაც ვიქნებოდი ბოზი და მივცემდი ვაგინას, პირს და სწორ ნაწლავს. უხვად. ეძიებდე და ჰპოვებდეო. 90-იანების სექს ედის რეზულტატების არასრული სია.

  • 25 წლამდე მყავდა ორი კაცი. ორივე ქმარი.
  • პირველი ქორწინების ორ წელიწადში გამოვიარე: სამი ორსულობა, ორი აბორტი, ერთი შვილი, ერთი ქორწინება და ერთიც განქორწინება. მინეტის არ ვიცი და  კონტრაცეფციის გაკვეთლებს დააგვიანდათ.
  • ქართველი ქმარი ჯერ უარზე იდგა. პირში როგორ ჩაგიდებო და რაღაი ერთხელ მაკადრა, მერე აღარ გამოუღია. გადმოვბრუნდებოდი მინეტი, გადავბრუნდებოდი – რაკამ. კაცის გაბედნიერება მუხლჩაუხრელი შრომაა.
  • ქართველ ქმარს ჩემი ლეღვი არასოდეს უგემია. პიზდასოსი კი არ იყო. ვანილის ნაყინამდე დავაფგრეთდით გოგოები, მაგრამ ბიჭები ჩამორჩნენ ლეღვთან tête-à-tête ურთერთობას.
  • პირველი ქმრისთვის არასოდეს მითქვამს უარი. კი. მქონდა სექსი, როცა არ მინდოდა. ხშირად.

ამ ყველაფრის ფონზე, ევროპელი ქმარი მომეჩვენა მწვერვალად. ის მაბედნიერებდა და მეც მაგრად ვაბედნიერებდი. აბა დილას გინდა, აბა საღამოს მოგართვა,  ძილში-ღვიძილში, პირში, ყურში, თვალში, რომელ ღრუში.

ვერც ამას ვეუბნებოდი წლები უარს. და ისევ, კი: ხშირად მქონდა სექსი როცა არ მინდოდა.

რადგან ისიც ვისწავლე, რომ: თუ არ მისცემ, სხვასთან გაგექცევა; პირში არ აიღებ და სხვასთან გაგექცევა; რამდენჯერაც აუდგება იმდენჯერ თუ არ მისცემ, სხვასთან გაგექცევა.

ასე მარტივად ვხსნიდით ამოცანას, როგორ არ გვიღალატონ ქმრებმა. რა იზამ, არ გვქონდა იუთუბი და TED Talks. ეს ის დროა, ამოცანა ჯერ კიდევ ერთუცნობიანი გვგონია და ცნობილ მოცემულობად მხოლოდ საკუთარი თავები გვესახება. მხოლოდ კაცების აღვირახსნილობაა განტოლების იქსი. იქსის საპოვნელად, ჩვენ, ცოლები; ბოზებს ვანაცვლებთ და გვჯერა რომ კაცები მარტო მინეტისთვის გვღალატობენ. რაც მთავარია, ღალატი მხოლოდ კაცებისთვისაა მოგონილი. ჩვენთვის ბოზობა მხოლოდ განტოლების ჩარჩოშია ნებადართული და მაშასადამე, მხოლოდ ქმრებთან.

ჩემი ბაღის ლეღვი

არ ამომიღია ხმა პირველ ძალადობაზე. არც კი ვიცოდი, რომ თურმე ეს ძალადობა იყო. საიდან მეცოდინებოდა? ქალი პატიოსანი ბოზობით თავდაუზოგავად ვცდილობდი, არ გამქცეოდა ქმარი. რაზე უნდა მეთქვა უარი, როდესაც თანხმობას არავინ მეკითხებოდა. მე კი ისიც კი არ ვიცოდი, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არსებობს. სამაგიეროდ:

  • ბიძაჩემმა მასწავლა, რომ კაცს შეუძლია ადგეს და ხელები მიფათუროს.
  • გოგოებისგან ვისწავლე, რომ სექსზე ან ჩუმად საერთოდ არ უნდა ვილაპარაკო.
  • დედებმა სექსზე კონტროლი ჩააბარეს ქმრებს.
  • ბიჭებმა ჩამინერგეს, რომ რაც ქმარს უნდოდა, იმას თუ ვერ მივცემდი, აუცილებლად გამექცეოდა.
  • მამამ დამასწავლა, რომ სექსზე ჭეშმარიტებას ღაღადებენ ქმრები.
  • ყველამ ერთად დამასწავლეს, რომ ჩემი როლი ქმრის გაბედნიერებაა.

არ მომსვლია აზრად გამეგო, რა მინდოდა მე.

მე რა მესიმიამოვნებოდა.

მე რა გამაბედნიერებდა.

მე თუ მეყოფოდა ერთი სოსისი ცხოვრების ბოლომდე.

Getty Images

და საერთოდ, კაცმა რა იცის ლეღვი რა ხილია?

ხალხური.

დასკვნად

სექსუალური ძალადობა სისტემურია. მე, პირადად, წლები და ბევრი პარტნიორი დამჭირდა იმის დასასწავლად, თუ როგორ ვთხლიშო მამაკაცის ასოს მაგიური, სულ რაღაც სამ-ასოიანი სიტყვა: არა. ნწუ. ვახ.

ეს ამბები დასაწერია. ყველანი უნდა ავლაპარაკდეთ. მეც. და თქვენც. უნდა დავარქვათ სახელი ძალადობას. დიახ, უნდა მოვყვეთ როგორ აუპატიურებენ ქმრები ცოლებს და როგორ დაარქვეს ამას ოჯახური ბედნიერება და რომანტიკული სიყვარული.

უკუნეთი უკუნისამდე, ამინ.

თანხმობის სერიებს გახსნილად ვაცხადებ. მომწერეთ აქ: diasameriemi@gmail.com

 ან ფეისბუქზე და ან კიდევ ინსტაზე. ვაგროვებ თქვენს ამბებს თანხმობის თემაზე. რამდენი ამბავიც დაგროვდება, იმდენს დავწერ.

კომენტარებში შევხვდებით.


[1] თარგმანი: ასეთმა გავიღვიძე. ხო, არ ჟღერს ისე ლამაზად, როგორც ინგლისურად და ამიტომაც დავტოვე ინგლისურად.

[2] თარგმანი: ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ

[3] Sex education-ის, სექსუალური განათლების, შემოკლებული დასახელება. (Sex Ed)

[4] თარგმანი: ყველგან

[5] თარგმანი: სალმის ფორმა ახალგაცნობილ ადამიანებთან.

[6] Cliffhanger – დრამატული, ცნობისმოყვარეობის აღძვრელი დასასრული ეპიზოდის ბოლოს, რომელიც მომდევნო სერიის ნახვას განდომებს

[7] კიდევ ერთხელ მომიტევეთ ბარბარიზმები: basic point : უმარტივესი ამბავი

[8] თარგმანი: არც მეტი არც ნაკლები.

[9]თარგმანი: იგივე შეგვიძლია ვთქვათ

[10] წინააღმდეგობა

[11] 1990-იანი წლების ცნობილი მექსიკური სერიალი

Publié par მერიემ დიასამიძე / / Meriem Diasamidze

ვგიჟდები ტლიკინზე, ჭორაობაზე და ენის წაგრძელებაზე

Laisser un commentaire

Concevoir un site comme celui-ci avec WordPress.com
Commencer