1- მერის ათი მცნება


ანუ რა ვისწავლე მას შემდეგ, რაც მიმატოვეს

რედაქტორი: brave_and_pro_woman

Getty images

პირველი ხუთი აქ, მეორე ხუთი აქ

ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ გამაძლიერა 12 წლიანი ქორწინების დანგრევამ. ამ პოსტს ვდებ ევროპული დედაქალაქის და საშუალო ფენის სიმაღლიდან. ვიცი. მაგრამ დღეს ვწერ, რადგან სიტყვაა პირველი. აქ მთხრობელი მე ვარ. დღეს მიზანი არა წერა, არამედ გადაწერაა. უნდა მოგიყვეთ, როგორ შევჭამე დარდი იქეთ.   

მცნება პირველი: სად მთავრდები შენ


არადა, იმ ზაფხულის ბოლო კვირას ჩვენი ლოგინი იყო სამოთხე. ზუსტად როგორც მიყვარდა, ისე მივყადი ორგაზმამდე და ზუსტად როგორც უყვარდა, ისე ვათავებინებდი მეც. წვენების წურვა, სიმწიფე და ცვარი და წვეთვა. ვერწყმებოდით ერთმანეთს და ვხდებოდით ერთი. ეს რომანტიკული ხედვა.

გავკარი რომანტიკას. ათწლეულზე მეტ ხანს ვსწავლობდით ერთმანეთს და აბა, რა იქნებოდა. პირველი კლასიდან დავიწყეთ და ავიღეთ მერე ბაკალავრიატები. სანამ ერთმანეთის ორგაზმის დოქტორანტები არ გავხდით და მაინც ვერცერთმა მინეტმა და კუნილინგუსმა ვერ გვისხნა. მწვერვალიდან მაინც ჩამოვენარცხეთ.

ზაფხულის დანარჩენი კვირები ბრძოლის ველს უფრო ჰგავდა, სადაც ჩვენი სიყვარული კიდურებწაცლილი ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. მე მაინც არ წავედი. არც დავეჭვდი. ჰოდა, არავინ იცის, რატომ, მაგრამ მაინც მჯეროდა,  არა ჩემი, არამედ მისი. მჯეროდა მისი ჩემდამი სიყვარულის მარადიულობის.

სრული სიგიჟე. შეურაცხადობა.

ორშაურიანი ფსიქოლოგის დასკვნა:  ქალო, რომელი ერთი ხარ, მიშა ცაგარელი თუ გულთმისანი? როგორ შეიძლება იცოდე რას იზამს სხვა?  ჰოდა, არ მცოდნია სად ვმთავრდებოდი მე და სად იწყებოდა სხვა. ასე არ შეიძლება. არ დაახანა და მთხლიშა სამყარომ მეტეორი:

ოთხი წლის წინ, შემოდგომის დასაწყისში მითხრა, რომ მშორდებოდა.

მცნება მეორე: მარადიული არა ლობიო

მახსოვს წამი, როცა გავიაზრე საკუთარი გულუბრყვილობის დონე. არადა, კარგა ხანია, აღარ მჯეროდა მონოგამიის ბოდვის, დაწესებული ხაზების და რომანტიკული სიყვარულის მითის.

ეს წამი დადგა, როცა საკუთარმა ყვირილმა გამომაფხლიზლა. მეგობრის შვილს დავყვიროდი თავზე, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ზღაპრებში მოყოლილი მარადიული სიყვარული არსებობს და რომ ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს.

Happily ever after. My ass!!! სიცრუეში გინდა იცხოვრო-მეთქი? რომელი ever after!!! სადაა ever after!!!! იცი, მაგის ხარკი საკუთარი ცხოვრება რომ არის-მეთქი?!!! ჯერ ჩემივე ხმის და ბრაზის უკუპროპორციულობამ გამომაფხიზლა.  მერე საკუთარი გულუბრყვილობის განცდამ ბოლო მომიღო:

მეც მჯეროდა მარადიული სიყვარულის.

ჰეშტეგ: უაიმე

ჰეშტეგ: ოჯახი

ჰეშტეგ: ქალური ბედნიერება

ჰეშტეგ: ცაკალელი

მცნება მესამე: sisterhood is powerful

გშორდებიო, რომ მითხრა, ვიცოდი, რომ აღარაფერი შეაცვლევინებდა აზრს. ყველაფერი დავყარე და ჩემს დასთან წავედი, რომელმაც ორიოდე კვირით ჩემი პატრონობა ჩაიბარა.

აქ მივეცი თავი დარდს ბოლომდე. გავიგე, რას ქვია, გამოგეცალოს ფეხქვეშ მიწა. გავიგე, როგორია დროის წონა, რადგან ის არ გადის. ის დგას. და შენ ელი, იმიტომ რომ ვერ ხვდები, რა აზრი აქვს ამდენ დროს. საერთოდაც, სად იყო ამდენი დრო? ვითვლიდი წამებს, როცა სუნთქვა ხდებოდა შესაძლებელი და როცა არ მხუთავდა მაჯლაჯუნა. ეს უკანასკნელი კარგად გავიცანი. შავი, ბუსუსებიანი ბრჭყალებით  თითქმის მთელი ერთ თვე მაფრინდებოდა ბრონქებზე.

შიგადაშიგ ვურეკავდი და ვპირდებოდი ყველაფერს. ის ბოლოს ამბობდა რაღაცას და ის კი არა, რას ამბობდა, არამედ ის,  თუ როგორ ამბობდა, მკლავდა. ეს ხმა. ხმა, რომელიც ამოდიოდა სხეულიდან, რომელთანაც კავშირი აღარ მქონდა. რაც მთავარია, მისმენდა, მაგრამ საერთოდ არ ესმოდა ჩემი.

მე მაინც ვპირდებოდი, რომ დავივიწყებდი ყველაფერს. აღარც ბავშვს მოვითხოვდი. აღარც ღია ურთიერთობას[1]. რომ ვიქნებოდი მისი. მარადიულად. ვებოდიშებოდი.  რომ ამიერიდან ვიქნებოდი კარგი გოგო. და რომ არ მიყვარდა ისე, როგორც უნდა მყვარებოდა. რომ დავივიწყე. და რომ ამისთვის ვითხოვდი პატიებას და უკანასკნელ შანსს.

ამ დროს შემომილაწუნა ჩემმა დამ:  შენ თუ ვინმე დაივიწყე, საკუთარი თავიაო.

დასკვნა: ყველას უნდა ჰყავდეს და, რომელიც შემოულაწუნებს. რომელიც გაგახსენებს. გაგახსენებს, რადგან ახსოვხარ. ახსოვხარ, ვინ იყავი. ხედავს, ვინ დარჩი. და იცის, რომ რაც არ უნდა ცუდად იყო ახლა, გადარჩები. დამ იცის.

ენდე.

დობის კონცეფცია გავაფართოვოთ.  ავიღოთ მეტაფორად სოფელი[2]. ხო, ირგვლივ ერთი სოფელი ხალხია. დამერწმუნე, ისინი უფრო მთავარია, ვიდრე თეთრ რაშზე ამხედრებული ერთი ცალი პრინცი თავისი მყიფე happily ever after-ით. განშორებისას დაკარგე ის ერთი, რომელიც თავიდანაც არ უნდა ყოფილიყო შენი ამომავალი მზე. მერე? მიმოიხედე. სოფელში,  ვიცით დობა. და ვართ ბევრნი.

მენდე.        

მცნება მეოთხე: ტკივილს ტკივილისა და დარდს დარდისა

არავითარი მარადიული სიყვარული. მე თვითონ იმიტომ არ წავედი, რომ შეჩვეული ჭირი მერჩივნა განშორების ტკივილს. მწარეა, კი. ვერ მოვიტყუები. მაგრამ აი, მასწავლეს ბრძოლის მეთოდები. არაფერი განსაკუთრებული არ დამმართნია. მთელ სოფელ ხალხში მრავლად აღმოჩნდა გამოცდილების გამზიარებელიც და უბრალო მსმენელიც. ვენდე ყველას. განსაკუთრებით, ჩემს დას და მერე ჩემს ფსიქოლოგს.

მეთოდი: გულისგადაყოლება. სოფელი მოვიარე. ძველი დები გინდა, ახალი დები გინდა, ყველა დამეხმარა, არ დავრჩენილიყავი მარტო. გავდიოდი. ვსვამდი. ვცეკვავდი. ვდეითობდი. ყველაფერი ეს, გადაჭარბებული ზომიერების, ანუ არა-დესტრუქციული ქცევის ფარგლებში.

უმნიშვნელოვანესი მეთოდი: გლოვა. დროდადრო, ვიკრებდი ძალას, ვაპაუზებდი ყველაფერს. და როგორც კი ვწყვეტდი ფლირტს, სერიალს და ვაუქმებდი მეგობართან ვახშამს, მობრძანდებოდა ის, ვისაც გავურბოდი: მისი უდიდებულესობა დარდი. მისი ბრყინვალება ნოსტალგია. ძველი ალბომების სახით – გარდასული დროის სევდა.  ვიჯექი და ვგლოვობდი ცხარე ცრემლებით.

ფსიქოლოგმა მისია დამისახა. ამ დიდი სევდის გამტარი გახდიო, რადგან დარდს თუ არ მიაგებ პატივს, შეგჭამსო. ხოდა, ვერ შევეჭმევინებოდი დარდს. დავჯექი და ვიგლოვე. დიახ. დარდს უნდა პატივისცემა.

დარდს უნდა დარდი.

მცნება მეხუთე: ჩემმა ფუჩუმ რა სთქვა

ახლა მოგიყვებით, როგორ გადავლახე „სოჩიკის“ სინდრომი. ვიტყვი, მაგრამ კარგად მესმის, რომ ვლაპარაკობ ევროპული დედაქალაქის მწვერვალიდან და რომ ჩვენს ვაგინაზე, ზოგჯერ, სწორედ რომ მთელ სოფელს აქვს გამოცხადებული საკუთრება. მე არ შემშინებია ჩემი ფოტოს ტინდერზე დადება. მე არ შემშინებია ვინმეს ვეცნე. მე არ შემშინებია მეძებნა ქალები. საკუთარ ფუჩუზე კონტროლის ფუფუნება მქონდა.

სამაგიეროდ, მეც, როგორც ბევრ თქვენგანს, ჩემი ქმრის იქეთ არასოდეს არ გამიხედავს. თვეები ვერ მივეცი თავს უფლება სექსით გული გადამეყოლებინა. „სოჩიკის“ სინდრომს ვებრძოდი შუაგულ ევროპაში. არადა ჩემი ექსი, გიხაროდენ, დარდებს ზასაობაში და ვინმე ნინას ვაგინაში ახრჩობდა. როცა მოვინელე ჩემი ექსის სექსი, მივხვდი, რომ აწე, ბიონსეს[3] არ იყოს, ზუსტად იმას ვიზამდი, რაც ჩემს გულს თუ არადა, ფუჩუს მაინც გაეხარდებოდა.

დავუგდე ყური ფუჩუს და რაც მან მითხრა გაგაოცებთ. და კარგად მესმის, რომ ეს ფუფუნება თუ ფუჩუნებაა. მითხრა, ატყნაურდიო. რაც აქამდე ვიმონაზვნე, ვიკმარე. მინი გაკვეთილიც არ დამავიწყდეს: 30 + ასაკში უფრო იოლი აღმოჩნდა გახდაც, სექსიც და ორგაზმიც, ვიდრე მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების მეორე კაცი ქმრად ავირჩიე. 

ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივედი შვედ გოგოსთან, რათა მისი მშვენიერი პირიდან ამოსულიყო ჭეშმარიტება. ასტრიდს[4] კოპენჰაგენში მოგზაურობა-გულისგადაყოლების დროს შევხვდი. ჩემი პირველი დეითი იყო განშორების მერე. დეითიც, ცხადია, იყო გულისგადაყოლება. რატომღაც აუცილებლად ჩავთვალე, მეთქვა, რომ ჩვენს შორის არაფერი მოხდებოდა (spoiler alert: ფიცი გავტეხე). რომ ჩემი პატარა გული ჯერ კიდევ დაკოდილი იყო და რომ იარები ჯერ არ მომშუშებოდა. ასტრიდმა მომაფეთა თავისი ამოუცნობი სიღრმეებით სავსე ლურჯი თვალები და მითხრა: სამი წლის წინ დედა მომიკვდა. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ გაიარა. ტკვილი აუცილებლად წარმავალია, მერიო.

ასე, ჩემო ქალბატონოო.

#ასტრიდ

#უსმინე ფუჩუს

#ისევდობა

#ისევ ქალები გვაძლიერებენ

Insta here
Facebook page here

მეორე ნაწილი აქ

სადაც ვწერ მარტოობაზე, საკუთარი თავის აღზრდაზე, საკუთარი თავის არჩევაზე, და კარგ ცხენზე.

დააკომენტარეთ:

რა გამოცდილება გაქვთ თქვენ? რატომ არ წახვედით? ან რატომ წახვედით? რა ისწავლეთ განშორებით?


[1] ურთიერთობის ფორმა, სადაც ორი პარტნიორები თანახმდება ჰქონდეთ სხვა ურთიერთობებიც. ეს იქნება სექსუალური,  რომანტიკული ან ორივე ერთად. 

[2] იხილე ესტერ პერელის შესანიშნავი ლექციები სოფლის იდეაზე. ის ხშირად ლაპარაკობს, როგორ ჩავანაცვლეთ თემი და სამეგობრი ერთი  საყვარელი ადამიანით, რომლისგანაც ვითხოვთ საუკეთესო საყვარლობას, მეგობრობას, მეუღლეობას. პერელი ხსნის, რომ ეს დიდი ტვირთია, და მისი სიმძიმე მთელ სოფელზე, ანუ თემზეა გადასანაწილებელი.

[3] შეგარგოს, დაო. დაიმატე ფლეილისთზე

[4] ცხადია, ყველა სახელი შეცვლილია 😊

Publié par მერიემ დიასამიძე / / Meriem Diasamidze

ვგიჟდები ტლიკინზე, ჭორაობაზე და ენის წაგრძელებაზე

Un avis sur « 1- მერის ათი მცნება »

Laisser un commentaire

Concevoir un site comme celui-ci avec WordPress.com
Commencer