რა მანძილია წერამდე?

რედაქტორი: brave_and_pro_woman

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა : წინამდებარე ტექსტი ხატზე გადასცა რევაზ, იგივე რეზო ამაშუკელმა.  

მე მქონდა ხილვა.  აიფონზე ამხედრებული ვსქროლავდი. ფეისბუქმა მომივლინა დავიწყებული ტექსტი. სირბილზეა. სირბილზე, რომელსაც მივყავარ მარათონამდე. ვითარცა ხილვა ფეისბუქსა შინა. და ვითარცა პასუხი ეგზისტენციალურ კითხვაზედ: ვწერო თუ არ ვწერო?

მარჩიელობა

ეს კითხვა რომ ყავა იყოს, გადავაბრუნებდი. მოიხატება კედლები დაუსრულებელი ქვე-კითხვებით. ახლა ვიმარჩიელოთ:

  • საიდან ხვდები, რომ მწერალი ხარ?
  • სად იკრიბება ქართველი ქალი მწერლების ნაშობა? 
  • რა დროს ნაშებია?
  • დრო რომ გადის, წერას ვაგვიანებ?
  • წერამდე შორია?
  • და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

და ამ ფიქრებში, ჰოი, საოცრებავ, ჩემი ძველი ტექსტი გამომეცხადა. ვითარცა ხილვა. იხ.: შესავალი. ამხადა თვალებზე ლიბრი და დამანახა პასუხი.  გრამატიკის გაკვეთილი ანუ ზმნის უღლების სავარჯიშო:

  • წასრული დრო: ვწერდი? ოკ. კი. ვწერდი. 
  • ახლა აწმყო დრო: ვწერ? ოკ. კი. ვწერ. ხანდახან ყოველდღე.
  • მომავალი დრო: დავწერ? ბიმ ბამ ბუმ! ცხადია.  

საქმე მომავალ დროში არაა, რადგან პასუხი ცხადზე უცხადესია. საქმე ნაგულისხმებ თუ-ში და პირობით ფორმაშია, რომელმაც ყველა კარი მცდელობამდე დამიხურა. პირობითი ფორმის დამპლური „შუშის ჭერი“:  

  • დავწერ თუ კარგად დავწერ.
  • დავწერ თუ არ დავაგვიანე.
  • დავწერ თუ მივხვდი, რომ მწერლად ვივარგებ.
  • დავწერ თუ ისე ესა მესა და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

დასკვნა: კითხვა, „ვწერო თუ არ ვწერო“ ფუნდამენტურად დედაკაცურია. ეს ის კითხვაა, რომელსაც არასოდეს უსვამენ რევაზ, იგივე რეზო, ამაშუკელს. ცხადია, კოლექტიურ ამაშუკელს ვგულისხმობ. ამაშუკელებს. ამაშუკელებმა დაგვაპატარავეს. გალავნები ამოგვიშენეს. საშვები დაგვიწესეს. ყველაზე უარესი: დაგვაეჭვეს.

ჩემგან და წერამდე სწორედ ეს თუ-ებია.

თუ-ები ანუ შუშის და სხვა მასალის ჭერი

გამოდი ქალო კუხნიდან.

თუ-ების დარგში ის მოსწავლე ვარ, ყველა კითხვაზე სწორი პასუხი რომ აქვს, ხელს სულ მაღლა და მაღლა, მკლავის ამოგდებამდე რომ წევს, ძალიან რომ უნდა, გამოკითხო და „მას, მას, მას, მე მას“ რომ იძახის. დაჯექი, დიასამიძე. ორიანი. ვითომ არ იცი, რომ ქალ მწერალს თავის დამკვიდრება ბევრად მეტად უჭირს ვიდრე კაცს.[1] ფეხებს შორის ღირსება ბევრი ყლეობის დაწერასაც ამართლებს. და მერე ვინ დგას საყვარლად კარიბჭესთან? ვინ გასცემს ვიზას? ვინ გვტუქსავს, ხვალ ამ დროს გამოიარეო? კუდრაჭა ბიჭები.

არადა, რეზო ამაშუკელმა ხომ ჯობია საერთოდ არ წეროს? ძაან საჭირო იყო (ამას არ ვიგონებ) ბოლნისის ლომების თვლა ამავე სახელწოდების ლექსში? ეს უკანასკნელი მოიცავს ისეთ პიტალო კლიშეთა კონას, როგორიცაა (და არც ამას არ ვიგონებ): მირონი, საყდარი, ვაზის ჯვარი, ხმალი, სისხლი, ლეკიც იქვეა, ვაზი და ჯვარიც არ გამორჩა, მიუმატა მიწა, ჩოხა, ცა-ფირუზი, ყაენი, ხატზე გადაცემა, ძმა, და რაც მთავარია, დედა ენა. დიახაც.

დაგავიწყდა, კუხნაზე რომ ნამცხვრების რეცეპტებს წერდი, სად იყო მაშინ თუ-ები? რატომ არ კითხულობდი, რომელი ჯულია ჩაილდსი მე ვარო? ფორმის შენარჩუნებაზე რომ სიტყვაკაზმულოდბი, სად იყო თუ-ები? ჯანსაღ კვებაზე რომ იმოძღვრებოდი, სად იყო თუ-ები?

ხოდა გამოდი, ქალო კუხნიდან. ერთხელ და სამუდამოდ.

საკონტროლო


თავისუფალი თემა: მე რომ ბიჭი ვიყო

მე რომ ბიჭი ვიყო გამოვიდოდი მწერალი. სუფრებზე პატარაობიდანვე მომცემდნენ ყანწში ჩასხმულ ძალას. მასწავლიდნენ, რომ ჩემით აღსაფრთოვანებლად დედას უნდა დავუწერო ლექსები (მასზედ რომ ის მიყვარს). მიყვარს, მაგრამ უფრო მიყვარს, როცა თავისი ადგილი იცის. (ჩავკბეჩდი დედიკოს გამომცხვარ ხაჭაპურს). რომ დედიკოს ადგილი და საქმე ჩემით აღფრთოვანება და ჩემი ლექსების კითხვაა. რომ დედა და ქალები უნდა შევადარო მარგალიტებს, ჩვენს სუფრაზე რომ გაიბნენ. რომელზედაც ჩვენ, კაცები სადღეგრძელოებს ვამბობთ, ქალები კი გვისმენენ.

დავისწავლიდი ამ « ბუნებრივ » წესრიგს. რომ ქალების როლი ხაჭაპურების ცხობა და ჩემზე ტაშის კვრაა. მე კი შევირგებდი მთავარ როლს, სახლში დაყენებული ძმრითა და სუფრებზე გაბრტყელებული სიტყვით, შენი ჭირიმე. შესაბამისად, ქართული სუფრის სკოლაში ვისწავლიდი, რომ ჩემი სიტყვა კანონია. და რაც არ უნდა დიდი უზნეობა წამომეროშა, არასოდეს დავეჭვდებოდი არც მე და არც არავინ. არასოდეს ვიკითხავდი, უკაცრავად, ხომ არ გაწუხებთ? დიდი ბოდიში, შეიძლება ერთი სიტყვა ვთქვა?

ცხადია,   ვიქნებოდი ფემინისტებზე უფრო მაგარი ფემინისტი. ამავდროულად, ცოლი გამიზრდიდა ბავშვებს. მთლად ეგრეც არ იქნებოდა, ხანდახან მეც კი გავრეცხავდი ჭურჭელს. ყველა შემაქებდა. მეც შევიფერებდი. მერე მივცემდი ინტერვიუს რომელიმე მედიას რუბრიკაში: კაცები ზრუნავენ. ჩემი ფემინისტებზე უფრო ფემინისტური წიგნებით ვივლიდი ფესტივალებზე. ცოლი ცოტა რომ გასუქდებოდა, უფრო ახალგაზრდა გოგოს მოვხლიბლავდი. ავუხსნიდი, როგორ მაწუხებს ქალთა ყოფა, როგორ ვწერ მათზე დღე და ღამე. #NOTOMANSPLAINING #METOO. ეს გოგო გამომეკიდებოდა. ისიც ხომ დადიოდა « ბუნებრივი წესრიგის » სკოლაში და ეცოდინებოდა, როგორ აღფრთოვანდეს ჩემით. მე ცოლს ვეტყოდი, რომ არტისტი ვარ. და სხვაგვარად არ ძალმიძს. მერე ავდგებოდი და ამაზე ახალ წიგნს გამოვაცხობდი. ხელახლა დავწერდი. ხელახლა ტაში-ტუშები. და ასე წრეზე.

როგორც ქართული სუფრის სკოლაში ისე. არავის გკითხავდით, უიმე, უკაცრავად, რომ დავწერო ხელს ხო არ შეგიშლით-თქო?

ჩემს მშობლებს უნდოდათ ბიჭი. მე კი გავჩნდი მესამე გოგო. ნუ მაპატიებ, დედა, ნუ მაპატიებ, მამა. ნუ მაპატიებ, მამულო. გამოვდივარ კუხნიდან.

ხოდა, ვწერო თუ არ ვწერო?

ზემოთ მოყვანილ წყაროში ნახსენებია, რომ ქალებს უფრო იოლად უცრუვდებათ გული წერაზე, ვიდრე მამაკაცებს. ტოვებენ ასპარეზს. ხოდა გადავწყვიტე. მე არ ავიცრუებ გულს.

არ უნდა ამას ყვერები. ჩემია საკვერცხეები. ისინი მაძლიერებენ. თუ გაუგებარია, ჩავაზუსტებ, რომ ისინი არ მაკნინებენ. დარწმუნებული ვარ, მეყოლება ჩემი ფემინისტური მრევლი.  ქალი, კაცი, ტრანსი თუ უგენდერო და საერთოდ ნებისმიერი გენდერის ადამიანი.

რადგან მე მქონდა ხილვა. დავიწყებული ტექსტი განა ტყუილად მომევლინა. ასი წლის წინ დავდე. გავიარე. მკითხველმა იპოვა ტექსტი. წაიკითხა. შთააგონა. ააგდო და არბენინა. და მომევლინა ტექსტი იგი ვითარცა ჭეშმარიტება: მე ვწერდი და ჩემს ტექსტებს კითხულობდნენ. წერის მთელი არსიც ხომ ესაა.

რა მანძილია წერამდე?

სირბილის მოყვარულისთვის შთამბეჭდავია გაიაზრო, რომ მარათონს ვერ გაირბენ ერთ დღეში,  მაგრამ რეგულარული სირბილით აუცილებლად მიდიხარ მიზნამდე. მარათონს თუ გავირბენ? თუ-ებით დადებული პირობა ის „შუშის ჭერია“, სირბილის უნარში რომ მაეჭვებს. რა თუ! სირბილი ჩემი ცხოვრებაა! გადავდივარ თხრობით წინადადებებზე. ბლოგის განახლება ვარჯიშია. მორბენალი ვარ მაგარი. მე დავრბოდი. მე დავრბივარ. რაც ადასტურებს ჭეშმარიტებას: მე კიდევ დიდხანს ვირბენ.

პ. ს.

ესეც მომავალი სირბილის „სავარჯიშოების“ არასრული ჩამონათვალი: წყვილი, ქალის სექსუალობა, მასტურბაცია- სექსი-ორგაზმი, სექსუალური იდენტობა, განქორწინება, ქორწინება, სინგლ ვუმენობა, მულტი იდენტობა, მულტილინგუალობა, უფესვებოდ ცხოვრება.

Insta here
Facebook page here


[1] სხვათა შორის, იხილეთ ამ თემაზე თამთა მელაშვილის შესანიშნავი ანალიზი

Publié par მერიემ დიასამიძე / / Meriem Diasamidze

ვგიჟდები ტლიკინზე, ჭორაობაზე და ენის წაგრძელებაზე

Laisser un commentaire

Concevoir un site comme celui-ci avec WordPress.com
Commencer